English / ქართული / русский /
ციცი ცაცკრიალაშვილი
მცირე საოჯახო მარნების ბიზნესის განვითარების პრობლემები პანდემიის პერიოდში

ანოტაცია. სტატიაში აღწერილია პანდემიის პერიოდში რა სირთულეები და რობლემები შეხვდათ მცირე საოჯახო მარნების მფლობელებს, როგორ გაუმკლავდნენ და შეინარჩუნეს ბიზნესი, პანდემიის რთულ პირობებში. გაანალიზებულია ღვინის ტურიზმისა და ღვინის ტურისტების როლი მცირე მარნების ბიზნესის განვითარებაში. სტატიაში განხილულია იტალიელი პროფესორების კვლევა, პანდემიის როლი მეღვინეობის წარმატებულ ქვეყნებში და მისი დაძლევის გზები. შედგა გასაუბრება კახეთის მცირე საოჯახო მარნების მფლობელებთან, ვიზიტის მოკლე შეჯამება დასკვნის სახით, რეკომენდაციების გაცემა ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის და დამწყები მეწარმეებისთვის.

საკვანძო სიტყვები: ღვინის საოჯახო მარნები, ღვინის ტურისტები, ღვინის ტურიზმი, ბიზნესის განვითარება, პანდემია. 

შესავალი

კორონავირუსის პანდემიამ უდიდესი ზიანი მიაყენა მთელი მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკასა და ხალხების კეთილდღეობას. მიწასთან გაასწორა ტურიზმი და ტურიზმთან პირდაპირ კავშირში მყოფი საზოგადოება, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორი. ბევრ ქვეყანაში შეწყდა საერთაშორისო ვაჭრობა, რამაც გამოიწვია განვითარებად ქვეყნებში ხალხთა გაუსაძლისი შიმშილი და სიდუხჭირე, ჯანმრთელობის გაუარესება და სიკვდილიანობის მაჩვენებლის საგანგაშოდ გაზრდა, მცირე და საშუალო ბიზნესის მთლიანად თუ ნაწილობრივ დახურვა და განადგურება.

პანდემიამ გარდამტეხი როლი შეასრულა მცირე მარნების ბიზნესის განვითარებაზეც, ვინაიდან თითქმის ყველა ქართული საოჯახო მარანი ღვინის ტურიზმზე და ტურისტებზე გახლდათ დამოკიდებული.

პანდემიასთან საბრძოლველად სახელმწიფომ ქვეყანაში მეტნაკლებად პირველი ეტაპისთვის (საერთოდ რომ არ დახურულიყო მცირე ბიზნესი) შედეგიანი ეკონომიკური რეფორმები გაატარა. სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა საკმარისი ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა ბიზნესის დახმარების მიმართულებით და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა. ვინაიდან პრობლემა მეტად კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, საქართველოს თითქმის ყველა დიდმა კომპანიამაც კი დიდი ზარალი ნახა, აღარაფერს ვამბობ მცირე ბიზნესზე.

დადებითი ფაქტორიც აღმოჩნდა შიდა ტურიზმის გაძლიერება, ვინაიდან ჩაკეტილ ქვეყანაში, ადგილობრივ ბიზნესში მოხდა ბიუჯეტის გადანაწილება და დაბანდება ისევ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. არ მოხდა ფინანსების გადინება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ეს ეკონომიკური ფაქტორი ძალიან დაეხმარათ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, შედარებით უფრო ნაკლები ეკონომიკური დარტყმა მიეღოთ. 

მცირე საოჯახო მარნების მდგომარეობა პანდემიის ჟამს 

გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიამ მთელი ქვეყნების ეკონომიკას უდიდესი ზიანი მიაყენა, მეტად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსოფლიოს 52 ქვეყანაში 19 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო მაინც არის ექსპორტირებული, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2%-ით მეტია.

საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 205-მა კომპანიამ განახორციელა“ (ღვინის ეროვნული სააგენტო, ანგარიში, 2021 წ. I კვარტალი https://wine.gov.ge/Ge/Files/Download/14181).

სამწუხაროდ, ცალკე მცირე მარნების სტატისტიკის მოპოვება ძალიან რთული აღმოჩნდა კვლევის პერიოდში, ამასთანავე არ არის რელევანტური ერთმანეთის შედარება ღვინის დიდი კომპანიებისა და მცირე საოჯახო მარნების ექსპორტის მიმართულებით. მასშტაბები ბევრად განსხვავდება და ღვინის საერთაშორისო ბაზრები, მაგალითად, ძირითადი დიდი ღვინის კომპანიების ექსპორტის წილი ისევ რუსეთზე მოდის და თითქმის მეზობელ ქვეყნებზე (უკრაინა, ყაზახეთი, აზერბაიჯანი). რაც შეეხება პოპულარული მცირე მარნების (ჯაყელების მარანი, მილორაულის, ლექსოს მარანი, შალოშვილის, ტოგონიძის, ბაბანეურის, ნათენაძის მარნის, მიხეილის, ყარალაშვილების მარნის და სხვა) ექსპორ ტს, არ არის რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული და ცდილობს მაქსიმალურად თავი დაიმკვიდროს უმაღლესი, განსხვავებული ქვევრის ღვინით აშშ-ს, იაპონია-ჩინეთის, ევროპის ქვეყნების ბაზრებზე. ვესტუმრეთ ზემოთ ჩამოთვლილ მარნებს და მათ წარმომადგენლებთან შედგა ჩაღრმავებული ინტერვიუ.

აღსანიშნავია, რომ მცირე მარნების უმეტესობას გაეზარდა ექსპორტი (ჯაყელების მარანი, ლექსოს მარანი, მილორაულის მარანი, ნათენაძის მარანი და სხვა), ვინაიდან პანდემიამდე ტურისტების მიღება-გამასპინძლებაზე ჰქონდათ აქცენტი გაკეთებული, ხოლო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ტურისტების რიცხვის მკვეთრად შემცირების გამო, შეცვალეს საქმიანობის მიზანი და ღვინის 70 % ექსპორტზე  გაიტანეს, 30%  კი ადგილობრივ ბაზარზე დატოვეს.

ეს, ერთი მხრივ, სასიხარულო ამბავია და პირდაპირი მოგებაა მცირე საოჯახო მარნების მფლობელებისთვის, თუმცა, მეორე მხრივ, ტურისტების ნაკლებობა, ღვინის ტურიზმის დარგის გაუარესება, ადგილობრივებისთვის სამუშაო ადგილების შემცირება ქვეყნის ეკონომიკისთვის არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა.

პანდემიამ, განსაკუთრებით უდიდესი ეკონომიკური ზიანი მიაყენა ახლად შექმნილ მცირე მარნებს, რომლებმაც პანდემიამდე, 2019 წლის პერიოდში, დაიწყეს საქმიანობა იმ იმედით, რომ ქვეყანაში ჩამოვიდოდა ბევრი ტურისტი და მოხდებოდა ტურისტების მიღების ხარჯზე მარნის მშენებლობისთვის აღებული სესხების დაფარვა.

თუ გავიხსენებთ 2019 წლის მომზადებულ სტატისტიკას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ, ქვეყანაში საერთაშორისო 9,4 მილიონი მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, აქედან კი ტურისტული ვიზიტით მყოფი 5,1 მილიონი ადამიანი აღმოჩნდა, (ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის (2019 წლის სტატისტიკა https://gnta.ge/ge/), რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია და მცირე მარნებს ნაყოფიერი, ეკონომიკურად ძლიერი წელიც ჰქონდათ ღვინის ტურიზმის მიმართულებით.

საინტერესოა სხვა ქვეყნების გამოცდილება და მაგალითები პანდემიის პერიოდში, თუ როგორ დაძლიეს პრობლემები ღვინის ბიზნესში.

იტალიელმა მკვლევარებმა Daniele Vergamini, Fabio Bartolini, Gianluca Brunori თავიანთ ნაშრომში: „Wine after the pandemic? All the doubts in a glass“ ( პანდემიის შემდეგ ღვინო? ყველა ეჭვი ჭიქაში), სადაც აღწერილია COVID19 გლობალური კრიზისისგან მიღებული შედეგები ღვინის სექტორზე, ტურიზმის ლოქდაუნი და კრიზისისგან თავის დაღწევის გზების ძიება.

„პანდემიის კრიზისის სიჩქარე და მასშტაბები ხაზს უსვამს საჭიროებას, რომ ღვინის სექტორი გახდეს უფრო მდგრადი, აუცილებელია მიწოდების ჯაჭვის მოთამაშეებს შორის თანამშრომლობა და კოორდინაცია გაიზარდოს და ასევე თანამშრომლობა სახელმწიფო სექტორთან.

კრიზისის შემცირებისთანავე, საჭირო გახდება ნდობის მოპოვება ამ სფეროში ჩართული ყველა ობიექტისა თუ სუბიექტისთვის, ეს იქნება დისტრიბუტორები, ღვინის მარნები თუ ვენახებისა და ღვინის მაღაზიების წარმომადგენლები, უსაფრთხოება და სანდოობა პანდემიის დასაძლევად ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი გახდება.

საინტერესოა იტალიელი პროფესორების კვლევა „მოკლევადიანი შედეგები მოკლევადიან პერიოდში“ მეღვინეობის წარმატებული ქვეყნების მიხედვით, რომელიც ასე გამოიყურება:

იტალია (ტოსკანა) - ღვინის ტურიზმის კოლაფსის შედეგად, სექტორში მოხდა უზარმაზარი ვარდნა, რაც გამწვავდა წინა კრიტიკული ეფექტებით, როგორიცაა დაგვიანებული გადახდა და ლიკვიდურობის გაზრდა. შედეგად, იზრდება ქვეყნის ვალი. საფრანგეთისგან განსხვავებით, პანდემიის დაწყებამდე იტალიამ მოახერხა შეერთებული შტატების ტარიფის გაზრდა თავის სასარგებლოდ. ამიტომ შემდგომმა ლოქდაუნმა გამოიწვია ზარალის დაბალანსება, წინა საექსპორტო ბალანსთან შედარებით.

ესპანეთი (რიოხა) - ესპანეთში, როგორც სხვა ქვეყნებში, HoReCa–ს შეჩერების შემდეგ, დიდი რაოდენობით შემცირდა ღვინის მოხმარება, რამაც ძირითადად გავლენა მოახდინა წარმოების ზედა საფეხურებზე. შემცირდა მაღალი კლასის ღვინოების მოხმარება და გაიზარდა დაბალი და საშუალო კლასის ღვინოებზე მოთხოვნა. მაგრამ ძალიან დაბალი პროცენტით, რაც არ ანაზღაურებს რესტორნების დახურვასთან  დაკავშირებულ ზარალს.

სტატისტიკოსების მიერ შეფასებულია მოცულობის დაახლოებით ღირებულების 40/50% -იანი და 50/60% შემცირება. 2019 წელს ყურძნის საშუალო ფასი დაახლოებით 1 ევრო /კგ იყო, ხოლო წელს პროგნოზები კგ-ზე დაახლოებით 0,5 ევროს აჩვენებს. გარდა ამისა, რამდენიმე მსხვილი ღვინის კომპანია უფრო ნაკლები რაოდენობის ყურძნის შეძენას გარისკავს.

პორტუგალია (ლისაბონი) - პორტუგალიაში პანდემიამ ყველაზე დიდი გავლენა ღვინის სექტორზე ექსპორტის შემცირებით მოახდინა. მსხვილი კომპანიებისთვის 15- 20% დანაკარგი და მცირე მეღვინეობებისთვის 50%-მდე ზარალია. თუმცა, ექსპორტი თანდათანობით იწყებს ზრდას აზიის, აშშ-სა და კანადის ბაზრების გახსნით (სავარაუდოდ იგეგმება ექსპორტის 15%-ით გაზრდა);

Take-away მომსახურება და სავაჭრო სუპერმარკეტები ხელს უწყობენ გაყიდვების შენარჩუნებას, ხოლო ღვინის მოხმარება იზრდება სახლში, ადგილობრივ ბაზარზე“ (Daniele Vergamini, Fabio Bartolini, Gianluca Brunori, „Wine after the pandemic? All the doubts in a glass“, University of Pisa: Dep. of Agriculture, Food and Environment, Italy, 2020).

როგორც ზემოთ აღნიშნულმა კვლევებმა ცხადყო, მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სანდოობა იმპორტიორებთან, კომპანიებმა, განსაკუთრებით მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა, აქტიურად აწარმოონ პიარ-კამპანია შიდა ბაზარზე. 

ღვინის ტურისტებისა და ღვინის ტურიზმის როლი მცირე საოჯახო მარნების ბიზნესის განვითარებაში 

ღვინის ტურიზმი მოიცავს ტურიზმის პრაქტიკას, რომლის დანიშნულებაცაა ღვინის საშუალო თუ დიდი კომპანიების საოჯახო მარნებში სტუმრობას, ღვინის ფესტივალებისა და ღონისძიებებში მონაწილეობას, ვენახების მონახულება, ყურძნის დაკრეფაში მონაწილეობის მიღება , ადგილობრივი ღვინის დეგუსტაცია და შეძენა.

უფრო კონკრეტულად კი, ღვინის ტურიზმს მსოფლიო მკვლევარები თითქმის ერთანიარად განმარტავენ და აღიარებენ, რომ „ღვინის ტურიზმი განისაზღვრა, როგორც ვენახების, ღვინის დიდი კომპანიების, მცირე მარნების, ღვინის ფესტივალებისა და ღვინის შოუების მონახულების ადგილი, სადაც ყურძნისა და ღვინის დაგემოვნება, მარნების დიზაინი და ატმოსფერო ტურისტებისთვის არის მოტივაციის მიმნიჭებელი“ (Hall et al., 2000) (CAB International 2006. Global Wine Tourism: Research, Management and Marketing (eds J. Carlsen and S. Charters) definitions page 1).

ზემოთ ჩამოთვლილი მნიშვნელოვანი ფაქტორების ერთობლიობით, ღვინის ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის პირდაპირ კავშირშია. უფრო მეტიც, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაში მეღვინეობის დარგი და ღვინის ტურიზმის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი ეს სამი გიგანტი ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც ვითარდება ამ დარგების პროპორციულად და უდიდეს მოგების სალდოს იღებს ყოველწლიურად.

საქართველოში კი ღვინის ტურიზმი სულ რაღაც ბოლო ათი წელია, რაც დამკვიდრდა და ნელი ტემპებით ვითარდება, ვინაიდან დაბალია მომსახურების ხარისხი, პრობლემაა ენობრივი ბარიერი და არასრული ცოდნა მეღვინეობის დარგისა, რომელიც უშუალოდ ღვინის გიდებს ეხება, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, ვგულისხმობ მარნამდე ძნელად მისასვლელ გზას და სხვას, უარყოფითად მოქმედებს ღვინის ტურიზმის დარგის განვითარებაზე, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის პიართან, ეკონომიკასთან, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობასთან, სამუშაო ადგილების სიმრავლესთან.

ღვინის ბიზნესის განვითარებას მხოლოდ პანდემია არ აფერხებს, დაბალი ხარისხის მომსახურება და რაც ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები, ეს ყველაფერი ხელს უშლის კონკრეტულ ღვინის მარანს განვითარებაში და სახელს უტეხავს არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ მსოფლიო მასშტაბით. მომსახურების სფეროში ყველამ ვიცით, რომ „სტუმარი ყოველთვის მართალია“, იმედგაცრუებული ტურისტი, რომელიც თავის ქვეყანაში დაბრუნდება, არა მხოლოდ ის იქნება ცუდად განწყობილი, არამედ თავის  მთელ სანაცნობო წრეს მოუყვება კონკრეტული იმედგაცრუების შესახებ. საერთო ჯამში კი, პირდაპირ კავშირშია ქვეყნის პოპულარიზაციასა და პიართან. 

დასკვნა 

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკაში უდიდესი კოლაფსი გამოიწვია, რაც ყველას დაგვანახა, თუ რაოდენ უძლურები ვართ პანდემიის წინააღმდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოს არაერთი ეპიდემია ახსოვს, ეს იქნება ესპანური გრიპი, ღორის გრიპი, შავი ჭირი, ტიფი თუ ქოლერა, ყველა ეპიდემიას გაუძლო მსოფლიომ და დღეს, როცა ბევრად ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებულ დონეზე ვიმყოფებით, COVID19 პანდემიასაც დავძლევთ და ისევ ფეხზე დავდგებით, თუმცა ამისთვის გარკვეული ღონისძიებების ჩატარებაა საჭირო, როგორც მსოფლიო ქვეყნების გაერთიანება, ასევე ადგილობრივი სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი თანამშრომლობა.

ეკონომიკის აღორძინებისთვის საჭიროა ტურიზმის ამოქმედების, დეველოპერული სექტორის, სოფლის მეურნეობის, ბიზნესისა და სოციალური დახმარების უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმა, ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს ადამიანთა ჯანმრთელობაზე და ჯანდაცვის განვითარებაზე ზრუნვა.

რაც შეეხება ადგილობრივ მცირე ბიზნესს, ღვინის მცირე საოჯახო მარნებსა და ამ სფეროში დასაქმებულ საზოგადოებას, თითქმის ყველა მცირე მარანი ღვინის ტურიზმსა და ტურისტების მიღება-გამასპინძლებას უზრუნველყოფდა.

ქვეყნის ჩაკეტვითა და ტურისტების რიცხვის მკვეთრად შეზღუდვით, მცირე მარნებმა  მძიმე ეკონომიკური დარტყმა მიიღეს. ნახევარზე მეტმა ფუნქციონირება შეწყვიტა, განსაკუთრებით 2018-2019 წელს ახლად დაარსებულმა მარნებმა. მხოლოდ პოპულარული განსაკუთრებით წლების მიერ ბაზარზე მოპოვებული ნდობის შედეგად დამკვიდრებულმა მცირე მარნებმა მოახერხეს გადარჩენა და უფრო მეტიც, მთლიანად შეცვალეს სტრატეგია და გადავიდნენ 70% ღვინის ექსპორტზე, როცა პანდემიამდე დიდი მოთხოვნა იყო ტურისტების მიერ და ღვინის წარმოების 70% ადგილობრივ ბაზარზე რჩებოდა.

განვითარდა უფრო მეტად შიდა ტურიზმი და ღვინის ტურიზმს ახლა უკვე ქართველი, ადგილობრივი მომხმარებელი გამოუჩნდა. ვგულისხმობ, შატოს ტიპის სასტუმროებში განთავსებას, ღვინის ტურებში ქართველების უფრო აქტიურ ჩართულობას, ტურისტულმა კომპანიებმა შეცვალეს სტრატეგია და შიდა ტურების მოწყობას აქტიურად აორგანიზებენ. გაიზარდა ღვინის  ტურზე, სათავგადასავლო და ეკო ტურებზე მოთხოვნა.

თუ გადავავლებთ თვალს მსოფლიოში ღვინის წარმოების გიგანტ ქვეყნებს (იტალია, ესპანეთი, პორტუგალია), მათთანაც შემცირდა ექსპორტი, თუმცა გაიზარდა ადგილობრივი შიდა ბაზარზე ღვინის მოხმარება. ადგილობრივებმა, ქართველების მსგავსად, დაიწყეს ქვეყნის ფარგლებს შიგნით მოგზაურობა, ქალაქიდან ქალაქში გადაადგილება, შიდა ტურების დაგეგმვა და ორგანიზება.

რაც შეეხება რეკომენდაციას, თუ გავითვალისწინებთ როგორც საერთაშორისო ღვინის ქვეყნების სექტორის, ისევე საქართველოს გამოცდილებას პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის საზღვრების გახსნა და სავაჭრო ურთიერთობების კვლავ განახლება, რადგან შიდა ტურიზმი და ქართული ღვინის ბიზნესი დიდი ხნით ვერ გაუძლებს ადგილობრივ ბაზარზე პოზიციონირებას და დასჭირდება კვლავ მსოფლიოს დახმარება, ექსპორტი და ტურისტების ნაკადის გაზრდა. ამისთვის კი საჭიროა ერთობლივი როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობა. 

გამოყენებული ლიტერატურა 

1. ღვინის ეროვნული სააგენტო, ანგარიში, 2021 წ. I კვარტალი https://wine.gov.ge/Ge/Files/Download/14181

2. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2019 წლის სტატისტიკა https://gnta.ge/ge/%e 

3. Daniele Vergamini, Fabio Bartolini, Gianluca Brunori, „Wine after the pandemic? All the doubts in a glass“, University of Pisa: Dep. of Agriculture, Food and Environment, Italy, 2020

4, CAB International 2006. Global Wine Tourism: Research, Management and Marketing (eds J. Carlsen and S. Charters) definitions page 1